ანდრია ჯაღმაიძის განცხადება
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბებას ეხმაურება. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძის სახელის გამოყენება.
ჯაღმაიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკლესიის სახელით მიკერძოებულ სპეკულაციად აღიქმება. ჯაღმაიძე ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ღირსი მამის სახელის ამგვარად გამოყენებას რუსეთის ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები მხარს უჭერენ. მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს.