ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

12:26, 14.05.2026

კიევის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ერმაკს გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა, რაც 140 მილიონ გრივნას შეადგენს. ერმაკმა განაცხადა, რომ ამ რაოდენობის თანხა არ აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ადვოკატი მის მეგობრებსა და ნაცნობებს გაესაუბრება. გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკი ვალდებული იქნება, არ დატოვოს კიევი, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს ამ საქმეში ფიგურანტ რამდენიმე პირთან კომუნიკაციისგან, მათ შორის ტიმურ მინდიჩთან, ყოფილ ვიცე-პრემიერთან, ალექსეი ჩერნიშოვთან და მკითხავ ვერონიკა ანიკეევასთან. ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის მხარეს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია. ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური კომპლექსის, „დინასტიის“ მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის გათეთრებას ეხება. ერმაკმა დანაშაული არ აღიარა. მისი ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

მსგავსი