შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უნიკალური საგანძური საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მასში დაცულ ეროვნულ რელიქვიებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერო, ისე სასულიერო კულტურისთვის. ამ ფასდაუდებელი კოლექციების თავმოყრა და თავად მუზეუმის დაარსება ბატონი შალვა ამირანაშვილის დამსახურებაა. საგანძურის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარეს ისეთმა დიდმა ქართველებმა, როგორებიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი, ხოლო ამ უძვირფასეს ექსპონატებს წლების მანძილზე ერთგულად მფარველობდნენ საგანძურის გამორჩეული მცველები: იროდიონ ევდოშვილი, გურამ აბრამიშვილი და ელენე კავლელაშვილი. ამ უმდიდრესი კოლექციის უმთავრესი ექსპონატი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მემატიანე ანჩისხატია. VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ეს უნიკალური სიწმინდე ხელთუქმნელი ხატების ჯგუფს მიეკუთვნება.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია