ანაკლიის პორტის პროექტი

ანაკლიის პორტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან  სამი წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულება შესაძლოა გაწყვიტოს. ამოწურულია ვადა, რომელიც კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად აქვს მიცემული. იგულისხმება იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ პორტის მშენებლობისთვის ინვესტიცია მოძიებული, ინვესტორთან კი შეთანხმება ხელმოწერილია. თუმცა კონსორციუმი არანაირი დოკუმენტის გაგზავნას არ აპირებს. ამჯერად სადავო ხდება კონსორციუმის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი, რომელსაც მხარეები სხვადასხვანაირად კითხულობენ. მეტიც, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელობის ტონი ხელისუფლების მისამართით განსაკუთრებით მწვავე იყო. მთავრობა პორტის პროექტის მიზანმიმართულ საბოტაჟში და ორი პოტენციური ინვესტორის დაბლოკვაში დაადანაშაულეს.