ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება 2029 წლისთვის იგეგმება.
მშენებლობის დასაწყებად მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სპეციალური კვლევების შემდეგ მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამშენებლო მასალების დასაწყობება. საზღვაო აკვატორიის მშენებლობაში საერთაშორისო ტენდერით შერჩეული ბელგიური კომპანიაა ჩართული. მომავალ წელს ნავსადგურამდე მისასვლელი გზის გაყვანა დაიწყება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხუთი წლის წინ ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მასშტაბური პროექტი თავის თავზე სახელმწიფომ გადაიბარა. რამდენად კანონიერად შეწყვიტა სახელმწიფომ ხელშეკრულება კონსორციუმთან, რომლის დამფუძნებლები ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან – რეზონანსულ საქმეზე ვაშინგტონის შემდეგ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ თემა კიდევ ერთხელ გაააქტიურა.