ანაკლიის პორტი - დასრულებული საარბიტრაჟო დავა

რვა თვის შემდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

მამუკა ხაზარაძის კონსორციუმმა მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარი გადაიხადა. ეს ის თანხაა, რომელიც ივლისში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დააკისრა. მაშინ სასამართლომ კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა და 2020 წელს მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერად მიიჩნია. კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოზიციას არ ცვლის და ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტიდან მისი კონსორციუმის ხელოვნურად ჩამოცილებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ კონსორციუმს საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევაზე და მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების ვერ მოძიებაზე მიუთითებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ პოზიციას არბიტრაჟის გადაწყვეტილებითაც იმყარებს და აინტერესებს, რატომ არ გამოიყენა სოლიდური თანხის გადახდამდე ხაზარაძემ გასაჩივრების მექანიზმები. სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა მმართველი გუნდისთვის თაღლითობის აღიარებაა, რასაც ადრესატები კონტრბრალდებებს უპირისპირებენ. 2020 წელს ჯერ ქვეყნის შიგნით და მოგვიანებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელებული დავა, გადაწყვეტილების მიუხედავად, დღემდე არ წყდება.