„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არის პასუხი ანაკლიის პორტის ყველა მოწინააღმდეგის მიმართ.

„ანაკლიის პროექტს ექნება უდიდესი სარგებელი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რაც განპირობებულია ასობით მილიონი აშშ დოლარის ეკონომიკური დამატებითი ღირებულებისა და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნით.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ახალი დამაკავშირებელი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც წარმატებით გაუწევს კონკურენციას რეგიონში სხვა პორტებსა და დერეფნებს. და რაღა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იმედს იტოვებს, რომ დაგარწმუნეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უალტერნატივობაში. იმაში, რომ ეს პროექტი კომერციულად გამართლებულია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გააგრძელებს მუშაობას მთავრობასთან და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პროექტი შედგეს, რათა პორტი წარმატებით აშენდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და წვლილი შეიტანოს საქართველოს იმ დიდი და ჯერ კიდევ აუმოქმედებელი პერსპექტივის რეალიზებაში, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, – აღნიშნულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.