ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გახსნა.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს.

სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებას, ასევე პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესების განვითარებას.

სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნესადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას და რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.