ანა წითლიძის განცხადება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ახლების“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში მეორე განცხადებით ეხმაურება. მისი თქმით, გადაწყვეტილება სწორია, თუმცა, აქვს კითხვები. „ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა „ახლების“ მხრიდან. ათივე წევრმა დატოვა ფრაქცია და როგორც წერენ, პარტიაც. ახლა კითხვა ისმის, ამ ათ წევრში არ არის ფრაქცია „ახლების“ თავმჯდომარე მაია კალანდია, რომელიც სხდომაზე არ იყო: იცოდა მაია კალანდიამ, რომ მისი ფრაქცია ხმას აძლევდა ქოცების ბიუჯეტს? თუ იცოდა და ფრაქციის სხდომაზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ეს ხალხი რატომ გაიწირა მხოლოდ და კალანდიას არაფერი?“ – წერს ანა წითლიძე.

„მანამდე წითლიძემ ამ თემაზე სხვა პოსტიც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ: „ზუგდიდის„ოპოზიციურმა“ საკრებულომ „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი დაამტკიცა. მიზეზი, რატომაც ზუგდიდის საკრებულოში „ოპოზიციურმა პარტიებმა“ მხარი დაუჭირეს „ქოცების“ ბიუჯეტს, არის საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები. როდესაც სხვას მოუწოდებ, დათმონ საკუთარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, იგივე უნდა შეგეძლოს შენც,“ – განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციურმა პარტიებმა, ახლებმა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წევრებმა 2025 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს, ქმედება სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის ხელის არშეშლის მიზეზით ახსნეს და ასევე განმარტეს, რომ გადაწყვეტილება პარტიებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ფრაქცია „ახლების“ ათმა წევრმა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრობის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით მიმართეს.