ამოქმედდა კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ მიღებული კანონის ცალკეული ნორმები. კერძოდ, ის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს – აკრძალული იქნება: ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა. ასევე, უკვე მოქმედებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება.

კანონი ადგენს, რომ დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის – ცხოველის ცემა, ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს, მოწოდება აგრესიისკენ ან წახალისება სხვა ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ასევე ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება.

ასევე დაუშვებელი იქნება ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა.