ამნისტიის შესახებ კანონპროექტი

შარლ მიშელის დოკუმენტის პირველი პუნქტი ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

ახლა შეთანხმების ხელმომწერები იმ პროექტზე მუშაობენ, რომელსაც ნიკა მელიას და 19-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულთა ამნისტირება უნდა მოჰყვეს. ორივე მხარე თანხმდება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ რეკომენდებული და პირველივე პუნქტში ჩაწერილი ამნისტიის აქტი არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც ივნისის მოვლენების დროს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. თუმცა პოზიციების შეჯერების და კანონპროექტის ერთი ვერსიის ინიცირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა: გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტი დარეგისტრირდება. რაც შეეხება ნიკა მელიას მოწოდებას, რომ ევროკავშირის გირაოზე თანხმობის სანაცვლოდ ამნისტიის აქტი უკან გაიწვიონ, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ახსენებს, რომ დოკუმენტი შარლ მიშელის მიერ არის შედგენილი და ხელმოწერებით დადასტურებული, მასში ცვლილების შეტანას კი მედიატორთან შეთანხმება სჭირდება.