„საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააჩუმოს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით“, – ამის შესახებ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. განცხადებაში, ბოლო დღეებში განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები შეფასებულია როგორც რეპრესიების მწვავე ტენდენცია და ნათქვამია, რომ მიზანი, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინება და დასჯაა.