ამირან გამყრელიძის განცხადება

სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე კვლევები, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. საქართველოს მასშტაბით გამოკვლეული 1500 ბავშვიდან 650-ს ტყვიის შემცველობის როგორც მსუბუქი, ასევე მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას მთავრობის მიერ დამტკიცდა პროგრამა და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება იმ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, სადაც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატებაა. შესწავლის მიზანია, ტყვიის წყაროს დადგენა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე პირველ ეტაპზე კვლევა ვერ ჩატარდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები აუცილებლად იგეგმება. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, 16 ოჯახში, სადაც ტყვიის შემცველობა ძალიან იყო მომატებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, პედიატრისა და გარემოს სააგენტოს სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი შევიდა. გამოკვლეული იქნა წყალი, ჰაერი და ნიადაგი.