ამირან გამყრელიძის განცხადება

რუსეთი განაგრძობს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების კვლევები არ ჩატარებულა და არ ტარდება, მით უმეტეს ამერიკელი ექსპერტების მიერ.

ამასთან, მისივე თქმით, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. უწყების მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ, ათობით ადამიანი დაიღუპა.