ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა

გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა, – ახალი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 221 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომდევნო კვირებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწყებულ არდადეგებს უკავშირდება.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 400-ს მიაღწევს, დღის წესრიგში დადგება ამბულატორიული დაწესებულებების 24-საათიან რეჟიმზე გადასვლა. თუმცა, მსგავსი საფრთხის საფუძველი ჯერ არ არსებობს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლოს 100 ათასი ადამიანიდან 400-ის დაინფიცირების მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპით ინფიცირებულთა უმეტესობას H1N1 ვირუსი აქვს.