ამინდი საქართველოში
უხვი ნალექის გამო, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტომობილების მოძრაობა, რადგან ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სინოპტიკოსების განცხადებით, სააღდგომო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება – ქვეყნის უმეტეს რაიონში დროგამოშვებით ისევ ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10-15 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები გამოდარებას 14 აპრილიდან, ხოლო ტემპერატურის მატებას 15 აპრილიდან ელოდებიან.