ამერიკული შეიარაღება უკრაინისთვის 

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩიხშია შესული. უკრაინაზე გააქტიურებული საავიაციო შეტევების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი მიდგომას ცვლის და პუტინის მოქმედებებით უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავს.

დონალდ ტრამპი ომში მყოფი ქვეყნისთვის პატრიოტების სისტემის შეიარაღებას აგზავნის, თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობას კი ევროპას აკისრებს. მანამდე ვაშინგტონს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეჩერებული ჰქონდა. სწორედ უკრაინის სამომავლო დახმარების გზები და თავდაცვის გაძლიერებაა ერთ-ერთი თემა, რომელსაც ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში უკრაინის პირველ პირებთან განიხილავს. არ არის გამორიცხული, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც დათანხმდეს, რაც რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ევროპელი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ვაშინგტონი მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50-დღიან ვადას აძლევს. მოსკოვი კი ავიადარტყმებს არ წყვეტს – ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი ისევ დაბომბა.