ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. სანქციები მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში დაწესდა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გომელაური და კეზევაძე განისაზღვრენ როგორც უცხოელი პირები, რომლებიც ჩაერთნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული იყო სასტიკ დარბევაში მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების მიმართ, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა კი საპროტესტო აქციებს უპასუხა არაპროპორციული ძალადობით განსხვავებული აზრის ჩასახშობად და მომიტინგეების შესაშინებლად. განცხადებაში ვკითხულობთ: „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა მასობრივი ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის მუქარის ტაქტიკა. პოლიციის ძალადობა დეპარტამენტის წევრების მხრიდან მოხდა იმ დროს, როდესაც პირები იმყოფებოდნენ პოლიციაში და საპროტესტო ზონის გარეთ მდებარე ადგილებზე. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ასევე მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ ძალადობას და არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა დაკავებულ მომიტინგეებს.” – ნათქვამია განცხადებაში. როგორც სახაზინო დეპარტამენტში განმარტავენ, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება და აქტივი შეერთებულ შტატებში დაბლოკილია და უნდა ეცნობოს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურს.