სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მასირებულმა იერიშმა.
სუმის დაბომბვას, რომელსაც 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ემსხვერპლნენ, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან შეცდომად აცხადებს. დონალდ ტრამპი რიტორიკას მაინც არ ცვლის. მისი პოზიციაა, რომ უკრაინის პირველი პირი და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პუტინთან ერთად იზიარებენ. ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის ევროპელმა პარტნიორებმა სუმიზე იერიში მკაცრად დაგმეს. „ბლუმბერგის“ ცნობით, სწორედ ამერიკის პოზიციის გამო დიდი შვიდეულის წევრებმა სუმიზე თავდასხმის ფაქტზე ერთობლივი განცხადების მიღება ვერ მოახერხეს. ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებითა და სანქციების გამკაცრების გზით ცდილობს. თუმცა ინიციატივებს უნგრეთის სახით მოწინააღმდეგე ჰყავს.