როგორ აისახება გავლენიანი ამერიკელი სენატორის ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე: სტივ დეინსი თბილისშია. მთავრობამ და ოპოზიციამ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის გზავნილები მოისმინა. ამერიკელი კანონმდებლის მთავარი მოწოდებაა, რომ ქვეყანამ ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. პრემიერმა კონკრეტული გზამკვლევით ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების სურვილი ამჯერად მაღალი რანგის სტუმართან დააფიქსირა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. შიდა პოლიტიკური სიტუაციის განხილვას დაეთმო სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრაც, რაზეც ამერიკის საელჩომ ცალკე განცხადება გაავრცელა და მსჯელობის ერთ-ერთ თემად ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაც მიუთითა. თუ დიპლომატიური მისიის ინფორმაციას დავეყრდნობით, სენტორი საქართველოში იმ ნაბიჯების გასაცნობადაა ჩამოსული, რომლებიც საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესების დასადასტურებლად შეუძლია, გადადგას. რა იგულისხმება ნაბიჯებში, რაც საელჩოს პირველად არ უხსენებია, ამჯერადაც არ დაკონკრეტებულა. ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ სწორედ სენატმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს ახლა მეგობარ აქტს. ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლება ურთიერთობის შესაძლო გადატვირთვის პროცესს ოპტიმისტურად უყურებს.
– რა გზავნილებით ჩამოვიდა სტივ დეინსი, – ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე
მოამბე