საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სტივ დეინსს შეხვდა. საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. პრემიერი შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.“ – შეგახსენებთ, ვიზიტის ფარგლებში, სენატორი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გეგმავს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი იქნება შიდა და საგარეო საკითხებზე, მათ შორის კანონის უზენაესობასა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტებზე. დეინსი მზადაა გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები.