ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში

მართლმსაჯულების რეფორმა იყო მთავარი თემა ამერიკელი სენატორების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე.

მესამე სექტორის წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტებიდან ყველაზე დიდ აქცენტს სწორედ სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე აკეთებენ და ამ კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე მიუთითებენ. მათი აზრით, სადავო საკითხად რჩება საარჩევნო რეფორმის ის ნაწილიც, რომელიც ცესკო-ს დაკომპლექტებას ეხება. 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტზე და ხუთივე პუნქტის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ინფორმაცია მიიღეს მმართველი გუნდისგანაც. ხელისუფლების პირველ პირებთან და პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრების დღის წესრიგში იყო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივა და ოკუპაციის მძიმე შედეგებიც. სენატორებმა ვიზიტის პირველი დღე სწორედ საოკუპაციო ხაზიდან დაიწყეს.