ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა შემცირების ნაცვლად ძლიერდება.
დღის მთავარი თემაა აშშ-ის რეპსუბლიკელი კონგრესმენის მიერ რამდენიმე წუთის ინტერვალით გავრცელებული განცხადებები, რომლებიც საკმაოდ მწვავე შინაარსისაა. ჯო ვილსონის გზავნილების მთავარი ადრესატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა, რომელსაც ამერიკელი კანონმდებელი მოსალოდნელ მკაცრ ნაბიჯებზე აფრთხილებს. ვილსონის საკმაოდ მკაცრი ტონი არახალია. ბოლო თვეებში ის ხელისუფლებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სტატუსითაც აკრიტიკებდა, 28 ნოემბრის შემდეგ კი მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად გამოაცხადა. მმართველი გუნდი ვილსონის გზავნილებს მიღმა ლობიზმის კვალს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმენი ტრამპის პარტიას წარმოადგენს, „ქართული ოცნება“ 20 იანვრის შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაში და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებაში დარწმუნებულია. დღის ბოლოს ჯო ვილსონმა საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს ირანში ვიზიტის გამო განმარტებები მოსთხოვა.