ამერიკელი გენერლის დაჯილდოება

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა.

ლევან იზორიამ გენერალ-მაიორ ტომას კარდენს, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაზე, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტის, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ მიმდინარეობისა და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.