ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ესაუბრა. სატელეფონო დისკუსიის დროს ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედროების მობილიზებისა და რუსეთის მზარდი ხისტი რიტორიკის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებით, დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ამ მხრივ აღინიშნა ნორმანდიული ფორმატის მნიშვნელობა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, აშშ მზადაა, გააძლიეროს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი და ხისტი სანქციები დაუწესოს მოსკოვს. „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. „ბლუმბერგის“ ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა. გამოცემა წერს, რომ ყველაზე რადიკალურ ვარიანტად რჩება რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“, თუმცა ეს ზიანს მიაყენებს რიგით მოქალაქეებსაც.