ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები ჟენევაში

მთელი მსოფლიოს ყურადღება ჟენევისკენაა მიმართული.

მოსკოვიდან დასავლეთისთვის ულტიმატუმების წაყენების და ღია მუქარის შემდეგ ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დღეს პირველი მოლაპარაკება გაიმართა. თითქმის რვასაათიანი საუბრის შემდეგ შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ საქმიან, თუმცა რთულ მოლაპარაკებაზე უკრაინასთან დაკავშირებით მუქარა მოისმინა, თუმცა მოსკოვი სამხედრო მოქმედებებს არ აპირებს. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების მოადგილეები ერთმანეთს აშშ-ის მისიის შენობაში შეხვდნენ. ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნაა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს და ფედერაციის საზღვრებთან სარაკეტო სისტემები არ განთავსდეს, რისთვისაც ის იურიდიული გარანტიების მიღებას ელოდება. თუმცა, თუ ვაშინგტონის და ბრიუსელის წინასწარ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს გავითვალისწინებთ, დასავლეთი საკუთარი მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ხარჯზე დათმობაზე ან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და არც ნატო არ გეგმავს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას. პროცესი დღეს არ სრულდება – წინ ბრიუსელსა და ვენაში დაგეგმილი მოლაპარაკებებია.

დატოვე კომენტარი