„ამბავი უცნობი გმირისა“ - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

„ამბავი უცნობი გმირისა“- ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთში, ბრძოლის ველზე დაცემულ ზურაბ გურჩიანს და იგი ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის XI კლასის მოსწავლეებმა – მარიამ გაგუამ, ანასტასია უგულავამ და ნიკოლოზ ჯანაშიამ გადაიღეს. ფილმის რეჟისორი, ევროპული სკოლის სატელევიზიო სკოლის დირექტორი, ირაკლი ჯაოშვილი, ხოლო იდეის ავტორი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ია ღადუაა. ზურაბ გურჩიანი 1993 წლის 5 ივლისს, კამანისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. 2021 წლის 1-ელ აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.