ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო შვიდი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ გიორგი კანდელაკს, ბორია გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, ვახტანგ ბიბილაიშვილსა და თენგიზ გულორდავას ბრალი გუშინ წარუდგინა. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით, საქონლის წარმოების ფაქტებზე. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წლების განმავლობაში გორში, სისტემატურად ახორციელებდნენ ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. წარდგენილი ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.