თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების საქმეზე, ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, რის მიზეზადაც პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატებმა სხვადასხვა რაოდენობის გირაოს თანხის ოდენობით განთავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. სხდომაზე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 პირს ბრალი გუშინ წარუდგინა. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წლების განმავლობაში გორში, სისტემატურად ახორციელებდნენ ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
წარდგენილი ბრალი შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.