ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულ, ალექსი ახვლედიანის საქმეზე დღეს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ახვლედიანის ადვოკატმა მტკიცებულებების არარსებობის არგუმენტით მოითხოვა, რომ საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს არ გადასცემოდა და წარმოება შეწყვეტილიყო, თუმცა მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 8 სექტემბერს ჩაინიშნა. დღესვე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. პროცესს ახვლედიანიც ესწრებოდა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. მისი განცხადებით, იარაღი საკუთარ სახლში, დახურულ, დაცულ ადგილას, ჩანთაში ჰქონდა და დაუდევრად შენახვად ვერ ჩათვლის. მანვე მედიის შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ თორნიკე რიჟვაძე მის სახლში შეხვედრის დროს, მედიაში და სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო წუხდა და განიცდიდა. პრემიერთან დაძაბულობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ რიჟვაძეს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმება სურდა, რაზედაც ირაკლი კობახიძე დათანხმდა კიდეც. პროკურორის განცხადებით, კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილი თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის.