ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა

15:25, 16.05.2025

 18 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის – „კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში.

ექსპოზიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ, შერვაშიძის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე მის პირად არქივს მოიცავს. გამოფენის გახსნასთან ერთად, 18 მაისს ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა. აქედან დაახლოებით 200 ნამუშევარი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეას გადაეცა, რომელიც 2024 წლის 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.

შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და კერძო კოლექციებში. ყველაზე დიდი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

მსგავსი