თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 6 მოწმე დაიკითხება, მათ შორის იქნებიან ექსპერტები. ელისაშვილს ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. გამოძიების თქმით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით, შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით, სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა. ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, საქმეში ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს, რაც დაადასტურებს, რომ ელისაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენა სცადა. მის მიმართ წარდგენილ ბრალს კი – პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.