ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი.

ის საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა. წამყვანების რამდენიმე კვირიანი შერჩევის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანიდან, მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც თავის პროფესიას 45 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. პირველი არხი სამძიმარს უცხადებს ალექსანდრა მაჭავარიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.