ალბანეთი: ტირანაში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს (ვიდეო)

16:00, 16.10.2026

უკვე ზედიზედ რამდენიმე დღეა, ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეები, რომლებიც ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ, პოლიციას უპირისპირდებიან.

საპროტესტო აქციებში ათასობით სტუდენტი მონაწილეობს, რომლებიც ასევე უნივერსიტეტებში სწავლის უკეთეს პირობებს და დასაქმების მეტ შესაძლებლობებს ითხოვენ.

15 ოქტომბერს მომიტინგეებმა ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში ცეცხლი დაანთეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს, ხოლო პოლიციამ ხალხის მასის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

წინა დღით კი მომიტინგეები რამდენიმე სამთავრობო შენობას დაესხნენ თავს, მათ შორის – პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ხოლო განათლების სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

სტუდენტების ხელმძღვანელობით ტირანაში ამჟამად მიმდინარე დემონსტრაციები რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო პროტესტის გაგრძელებას წარმოადგენს. საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც „ფლამინგოს რევოლუციას“ უწოდებენ, პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვს.

 

სტატიის და ვიდეოს ავტორი: [email protected] – ESN

მსგავსი