ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფი დაშავებულების, ავადმყოფებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციით და საავადმყოფოები ბრძოლის ველი არ არის. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროები საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაკითხვას აწარმოებენ. ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს ტერორისტული ჯგუფის ყოფნაზე. სამხედროები აცხადებენ, რომ მიმდინარე ოპერაციის დროს ჯარებს, პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ალ-შიფას ჰოსპიტალში შეხება არ ყოფილა. ისრაელის არმიის სამხედროებმა „ჰამასის“ ხუთი შეიარაღებული პირი მოკლეს საავადმყოფოს გარე პერიმეტრზე.