ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებები დღეს წალენჯიხაში იმართება.
საახალწლო აქტივობები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე უკვე მიმდინარეობს, გალა კონცერტი კი 18 საათზე დაიწყება. მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს სანტა კლაუსი. ღონისძიებები წალენჯიხაში „ღამის შოუს ბენდის“ და ანსამბლ „ფორტეს“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს კასპშიც. კულტურის ცენტრის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი, ასევე მიმდინარეობს სადღესასწაულო მსვლელობა. პატარებს მასპინძლობს და ასაჩუქრებს თოვლის ბაბუა. საზეიმო ღონისძიებები კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეების ფარგლებში დაბა ადიგენში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ადიგენის ცენტრალურ მოედანზე იმართება სასცენო წარმოდგენები, თეატრალური ჩვენებები, ქიმიური შოუ, ბავშვების განწყობაზე თოვლის პაპა ელფებთან ერთად ზრუნავს. მოწყობილია საბავშვო გასართობი კუთხეები, საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. ამ წუთებში, ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.