ახალი სტრატეგია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიასთან მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა. ყოფილმა მეუღლემ პროფესორი მარიკა წივწივაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსხვერპლმა თავდასხმამდე ერთი თვით ადრე ძალადობის სხვადასხვა ფაქტის გამო პოლიციას ექვსჯერ მიმართა. თუმცა, შემაკავებელი ორდერი მოძალადეზე არ გაცემულა და მაშინ პოლიცია მხოლოდ ზეპირი გაფრთხილებით შემოიფარგლა. სწორედ ამ შემზარავ შემთხვევას უკავშირდება ის რეზონანსული გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ სამწლიანი დავის შემდეგ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლულის ოჯახისთვის მორალური კომპენსაცია, მსხვერპლის შვილისთვის კი სრულწლოვანების მიღწევამდე მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამ და სხვა მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობაზე კონტროლს და, შესაბამისად, კანონს ამკაცრებს.