ახალი სტანდარტები სკოლებისთვის

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სკოლები მოსწავლეთა ნაკადების მისაღებად ემზადებიან. ქვეყნდება რეგულაციები, რომლითაც კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესი წარიმართება. სკოლების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს ახალი ვალდებულებები ეკისრებათ. პირადი დაცვის საშუალებების მომარაგებასთან და სანიტარული ნორმების გამკაცრებასთან ერთად, სავალდებულო ხდება მოსწავლეებს შორის საკლასო ოთახებში მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა და ბავშვების გარდა, სკოლებში მყოფი ყველა პირის მხრიდან ნიღბების ტარება. ახალი რეგულაციები სკოლების ხელმძღვანელობას უფლებას აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწავლების შერეული მოდელი დანერგონ, თუმცა ონლაინ-სწავლების დღეების რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, სწავლა ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს იწყება.