ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზების აქტუალობა იზრდება.
ბოლო პერიოდში გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროკავშირისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. დაკავშირების კონტექსტში სამხრეთ კავკასიის განსაკუთრებულ როლზე ამჯერად გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საუბრობს. მარტა კოსი განსაკუთრებულ აქცენტს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობაზე აკეთებს, თუმცა დაზუსტების დროს არ უარყოფს, რომ საქართველოც ყოველთვის მხედველობაში ჰყავს. ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის და შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტებში საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულია, რაზეც ევროპელ ლიდერებს ცოტა ხნის წინ თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიუთითა. თუმცა საქართველო-ევროკავშირს შორის გაუარესებული ურთიერთობის და შეჩერებული დიალოგის ფონზე ბოლო დროს ევროკავშირის ლიდერები სამხრეთ კავკასიაზე გამავალ სავაჭრო გზებზე საუბრისას საქართველოს ხსენებას ერიდებოდნენ. ამიტომ მარტა კოსის ბოლო გზავნილებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ხელისუფლება შეცვლილ რიტორიკას გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნის.