ახალი სასწავლო წლის დაწყება ხულოს მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. დაათვალიერეს განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სერგო ჯაიანის სახელობის საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სრული რეაბილიტაციის შედეგად, განახლდა, როგორც შიდა, ასევე, გარე ინფრასტრუქტურა. სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს-ოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები ფუნქციონირებს. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 1 808 000 ლარი შეადგინა. 2025 წელს აჭარაში, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია 27 სკოლას ჩაუტარდა. წლის ბოლომდე კიდევ 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია დასრულდება.