ახალი სასწავლო წელი დაიწყო – პრეზიდენტის მილოცვა

12:26, 15.09.2026

„ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს. ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“. – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მსგავსი