ახალი სასწავლო წელი

ახალი სასწავლო წელი დღეიდან, 15 სექტემბრიდან ექვს დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, ასევე მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, ქედასა და შუახევში დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. რაც შეეხება საკლასო ოთახებში სწავლას, ამის საშუალება რეგიონებში სხვადასხვა სოფლის მოსწავლეებს აქვთ. სკოლებში დაცულია ყველა ის რეგულაცია, რომელსაც კოვიდ-19-თან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს. კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლებში სწავლა საზეიმო ღონისძიებების გარეშე დაიწყო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, უცხო პირის შესვლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ შეიძლება, პედაგოგები და სკოლის სხვა თანამშრომლები ვალდებულები არიან პირბადე ატარონ.

დღეიდან  განახლდა პროექტი ტელესკოლა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ გთავაზობთ.  პირველი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.