ახალი სანქციები რუსეთს

ამერიკა რუსეთს სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ამერიკული მედია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის კრედიტის ან სესხის გაცემის, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან რუსეთისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ, გაფართოებული სანქციების ფარგლებში, ამერიკული ბანკებისთვის შესაბამისი აკრძალვა ამოქმედდება. ამასთან ერთად, შეზღუდვა შეეხება ლიცენზირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს. ამის მიზანი კი, ბიოლოგიური იარაღის გავრცელებისგან თავის არიდებაა.