ახალი საკანონმდებლო პაკეტი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება, ასევე, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ასევე მკაცრდება სანქციები, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის, ასევე – დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის. ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.