ახალი საკანონმდებლო ინიციატივები
პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში უახლოეს დღეებში დაიწყება. ცვლილებებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება და გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამ სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა. მეორე საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით კი, დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ყალიბდება როგორც ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასთან და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.