ახალი საკანონმდებლო ინიციატივა 

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების გახშირების პარალელურად პარლამენტი ახალი კანონპროექტის განსახილველად ემზადება.

კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა უკვე დაანონსდა. ახალი გამკაცრებული რეგულაცია გავრცელდება ყველა იმ პოლიტიკური თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეზე, რომელთა მხრიდან სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენებით იქნება დადასტურებული. მათზე მონიტორინგი დაწესდება, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ექს-მაღალჩინოსნები ვალდებულები ხდებიან, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციები შეავსონ. შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვები – ასე ხსნის მმართველი გუნდი ინიცირებულ გეგმას. კორუფციაზე საუბრის დროს საკმაოდ მკაცრი ტონი ჰქონდა დღეს პრემიერსაც, რომლის განცხადებები გარკვეულ გამაფრთხილებელ გზავნილებსაც მოიცავდა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურად ირაკლი კობახიძის დამტკიცების შემდეგ რამდენიმე მინისტრმა და მაღალი თანამდებობის პირმა პოსტი დატოვა, „ქართული ოცნების“ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის შემდეგ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ექს-მინისტრიც დააკავეს.