ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
გახდება თუ არა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი – მმართველი გუნდის წევრთა ინიციატივა შესაძლოა იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილი გახდეს, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ.
სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიერ გაჟღერებულ იდეას მმართველ პარტიაში ეთანხმებიან და საკუთარ პოზიციას გერმანიის გამოცდილებით ამყარებენ. თუ გუნდში პოზიციები შეჯერდება, შესაბამისი კანონპროექტი შვიდ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენისთვის იქნება მომზადებული. ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საჯაროდ ანალოგიურისკენ მოუწოდებენ სხვებსაც. მათ შორის იგულისხმება პარლამენტის ლეგიტიმაციის არ აღიარებაც, რაც ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით ქართული პოლიტიკისთვის ნაცნობი სიტუაციაა. საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე რადიკალური აქტივიზმის შეზღუდვა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – ინიციატივას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებენ.
მანანა დევაძე დაინტერესდა, ექნება თუ არა ორი დღის წინ გაჟღერებულ იდეას გაგრძელება.