პარლამენტმა დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც ასევე მწვავე კრიტიკის მიზეზია.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, სხვადასხვა ობიექტების ასევე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ცალკეულ ქმედებებზე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები, ასევე ჯარიმები ამოქმედდება საჯარო მოსამსახურის თუ სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებებიც. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება. ცვლილებათა პაკეტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, რისი წინააღმდეგიცაა სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.