ახალი საერთაშორისო წესრიგი და საქართველო
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში.
2 იანვარს აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ოფიციალური თბილისი საკუთარი პოლიტიკისა და არჩეული სტრატეგიის სისწორეში კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა. რუსეთის მოკავშირე იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა, მმართველი გუნდის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის წერილშია ჩამოყალიბებული. განცხადებაში „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის და სხვების სცენარებში არ ჩართვის გეგმა მკაფიოდაა ხაზგასმული. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფორმირებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლასთან ერთად პარლამენტის სპიკერი ვენესუელაში განვითარებული პროცესების ფონზე ბრიუსელის პოზიციონირებასაც აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის კრიტიკული გზავნილები ვრცელდება ადგილობრივ ოპოზიციაზეც, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაში ადანაშაულებს და საქართველოში ვენესუელის მსგავსი სცენარის გამეორებას პროგნოზირებს.