ახალი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი  

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს საშინაო მატჩებისთვის თანამედროვე სტანდარტების სტადიონი ექნება.

ახალი მოედანი, რომელიც 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, რამდენიმე წელში აშენდება. ამ დრომდე უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სავარაუდოდ ვაზიანია შერჩეული. ახალი არენა, უმასპინძლებს როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩებს. პარალელურად, მთავრობა გეგმავს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადი გააკეთოს. სიახლეების შესახებ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ სპორტის პოლიტიზირებისთვის წინა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის დროს დანგრეული სპორტული ინფრასტრუქტურა შეახსენა.